საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს:

„ორი კვირის წინ, ევროპარლამენტმა 400-ზე მეტი ხმით დაამტკიცა კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციის მყისიერი კომენტირებისგან თავი შევიკავეთ, რადგან გვაინტერესებდა, ამჯერად მაინც თუ მოჰყვებოდა მას გაგრძელება ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მხრიდან. თუმცა, უკვე მეორე კვირა მიილია, ევროპული საბჭოს სხდომაც შედგა, ევროპული საშობაო არდადეგებიც დაიწყო და ვხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს. მეტიც, ევროპულ საბჭოს საქართველოს საკითხი მისი სხდომის დღის წესრიგში საერთოდ არ შეუტანია.

ახალი რეზოლუცია წინამორბედისგან შინაარსით დიდად არ განსხვავდება. ევროპარლამენტარები აქაც იგივეს ითხოვენ – ორი გამორჩეული კრიმინალის გათავისუფლებას და ერთი გამორჩეული ქველმოქმედის დასჯას. შესაბამისად, რეზოლუციის შინაარსს რაიმე განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდება. თუმცა, აუცილებლად მიგვაჩნია, რეზოლუციის მიღების საერთო კონტექსტზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება.

ევროპარლამენტს უკვე მეორედ მიაღებინეს საგანგებო რეზოლუცია ერთადერთი მიზნით – ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად. ევროკავშირის გარე კოორდინატორებმა წინასწარ ისიც დაგეგმეს, რომ ამ რეზოლუციებს ევროპული საბჭო არ გაიზიარებდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპარლამენტის აქტიურობის მიზანი არა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, არამედ კონკრეტული მიზნით მისი დაშანტაჟებაა. ანუ ევროპარლამენტი, რომელიც, ფორმალურად მაინც, ძალიან მაღალი პოლიტიკური სტატუსის მატარებელი ინსტიტუტია, სრულიად სათაკილო მისიისთვის – ერთი კაცის პოლიტიკური შანტაჟისთვის გაიმეტეს და გამოიყენეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპულ საბჭოს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე არც კი უმსჯელია, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეზოლუციის ავტორებს ძალზე კონკრეტული მიზანი ამოძრავებდათ – მათ სანქციების თემა დამოკლეს მახვილივით დაკიდეს ბიძინა ივანიშვილის თავზე, რათა მასზე ზეწოლა მუდმივ რეჟიმში შეენარჩუნებინათ. აქედან ჩანს, რომ ისინი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავენ. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხე კვლავაც უაღრესად აქტუალურია.

როდესაც ერთი კაცის დასაშანტაჟებლად ევროპარლამენტს ორჯერ კრებ, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, თუ რამდენად დიდია ევროპული აგენტოკრატიის ამერიკელი პატრონების სურვილი, ბიძინა ივანიშვილს მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში ჩარევა აიძულონ და მისი ხელით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უზრუნველყონ. თავისთავად, ის ფაქტი, რომ სტრატეგიული პარტნიორის გადმოსახედიდან, საქართველოს მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ღირსებისგან დაცლილი მისია აქვს, უკიდურესად შემაშფოთებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება