„როდესაც საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, მხარდამჭერია და ამის ფონზე თქვენ სპეკულაციას მიმართავთ, კითხულობთ, თუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ნებისმიერი ქართველისთვის და არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას – არის თუ არა რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.
„ჩემთვის ეს არის შეურაცხმყოფელი შეკითხვა. ვინც გავალებთ ახლა ამ კითხვას, იმას გადაეცით: საკუთარ პარტიაში თანამებრძოლებს რომ აბრალებდნენ და ადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში, გმირებს, ამაზე განცხადება კი არ გაკეთდა, არამედ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და ქართველი გმირები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. მაშინ ეფიქრათ, ვინ იყო გმირი, ვინ – მოღალატე და ვინ აკეთებდა რუსეთის საქმეს. ახლა ეს ხალხი ავტორია კითხვისა – რუსეთი მტერია თუ არა და მებრძოლი, რომელიც თავისი მრწამსით იბრძვის სამშობლოსათვის, გმირია თუ არა. რა თქმა უნდა, გმირია. ოღონდ, კითხვა იმ მხრიდან, რომლიდანაც პირდაპირ იქნენ დადანაშაულებული საკუთარი სამხედროები, არის ამაზრზენი. ეს შეურაცხმყოფელია, რადგან საქართველოს პირველ პირს რომ ეკითხები, – ვის მხარესაა, ეს არის შეურაცხმყოფელი. კითხვაზე გპასუხობთ: – „რა თქმა უნდა, არის“ და თქვენ იგივე შეურაცხმყოფელ კითხვას მიმეორებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.