„ტრადიციული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრესიული ათეიზმის ახალი ტალღა, რელიგიური გაერთიანებებისა და რელიგიური დოგმების წინააღმდეგ გალაშქრება, სამეფო ოჯახების იმიჯის დაკნინება, აგრესიული ლგბტ პროპაგანდა და ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებები ერთადერთ მიზანს – სახელმწიფოების ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლას და ადამიანის არა ღვთის სახედ შექმნილ და ღირსების მატარებელ ინდივიდად, არამედ ზომბირებული კოლექტივის რიგით რგოლად ქცევას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, ლიბერალური იდეოლოგია მსოფლიო ისტორიაში ცნობილ ყველაზე აგრესიულ და ნეგატიურ იდეოლოგიებს არაფრით ჩამოუვარდება”, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

“ლიბერალური იდეოლოგია, თავისი შინაარსით, აპარტეიდული ბუნებისაა და იგი ყველა სახის უმცირესობას განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს. ამ იდეოლოგიის მიხედვით, მაგალითად, ქვეყნის წამყვანი რელიგიური გაერთიანება მუდმივი თავდასხმის ობიექტი უნდა იყოს, ხოლო რელიგიური უმცირესობები პროგრესის ეტალონებად უნდა წარმოჩნდნენ, ლგბტ პირი სხვა ადამიანებზე მეტ პატივისცემას და საყოველთაო აღფრთოვანებას უნდა იმსახურებდეს, გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება კი, იდეოლოგიის მიმდევარი უმცირესობის ექსკლუზიური პრივილეგია უნდა იყოს.

ლიბერალურ იდეოლოგიაშიც მოქმედებს სტალინური „ურავნილოვკის“ პრინციპი, რომლის მიხედვით ადამიანების გათანაბრების ერთადერთი ეფექტიანი გზა ძლიერის დაკნინებაა. ქვეყანაში უნდა დაკნინდეს ყველა, ვისაც აქვს პოტენციალი, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ავტორიტეტად და მაგალითად იქცეს, პატრიარქით დაწყებული წარმატებული სპორტსმენით დამთავრებული. დღეს რომ ქართულ საზოგადოებას ელიტები არ ჰყავს, 2004-2012 წლების აგენტოკრატიისა და ლიბერალური იდეოლოგიის მაშინდელი აღზევების ყველაზე მძიმე მემკვიდრეობად უნდა მივიჩნიოთ.

ლიბერალური იდეოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებში აგენტოკრატიის დამყარებასა და შენარჩუნებაში. ყველა ვხედავთ, რომ საქართველოშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე მყარი სოციალური საყრდენი სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის ბაზისზე და ლიბერალების სახით შეიქმნა. გარდა რამდენიმე მცირე გამონაკლისისა, დღევანდელ ევროპაში ხელისუფლებების მთავარი იდეოლოგიური ხაზი სწორედ ლიბერალიზმს ემყარება.

ლიბერალურ იდეოლოგიას მძიმე შედეგები მოაქვს ამერიკული საზოგადოებისთვისაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი გავრცელება არა ამერიკელი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, არამედ კონკრეტული ოჯახების მიზნებს ემსახურება.

როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ლიბერალური იდეოლოგიისა და აგენტოკრატიის საფრთხეებთან დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანად უნდა ვაქციოთ. საქართველო, რომელმაც ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა სამი ათასწლეულის მანძილზე შეინარჩუნა, არ შეიძლება შეეწიროს რამდენიმე ოჯახის მიერ მოფიქრებულ გლობალურ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სქემებს, რომლებშიც ჩვენს ქვეყანას მხოლოდ „ომის ღმერთების“ შესაწირის მოკრძალებული როლი აქვს მიკუთვნებული. საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

საკითხის განსაკუთრებული აქტუალობიდან გამომდინარე, ამ თემის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მეტ ინფორმაციას გავუზიარებ“, – აღნიშნავს შათირიშვილი.

გაზიარება