„დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია. თუმცა, როგორც ვნახეთ, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რაც იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა“, -განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვასთან დაკავშირებით.
„ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც ასევე გამოიწვია წონაში კლება. ეს არის ერთადერთი, რასაც ამ ვიზუალიდან ვხედავთ. დანარჩენი – რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერც ერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ არის ცალსახა და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვიხილეთ, მათ შორის, დღეს, სასამართლოში“, – განაცხადა კობახიძემ.