„რომან გოცირიძის პოსტს შევაფასებდი როგორც ძალიან არასერიოზულს. რომან გოცირიძე უჭკუო კაცი არ არის, საკმაოდ პროფესიონალი ეკონომისტია და, ამის გამო, საკმაოდ პროფესიონალურად დემაგოგობს ხოლმე. მისი მცდელობაა, რომ მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენოს და აჩვენოს, რომ – აი, მორწმუნე რომ ხარ, თურმე, იმიტომ ხარ გაუნათლებელი. სრულ აბსურდამდე მიდის“, – ასე უპასუხა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა „POSTV-ის“ ეთერში დასმულ კითხვას რომან გოცირიძის მიერ “ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გოცირიძის პოსტი არა მხოლოდ მართლმადიდებელი, არამედ სხვა მრწამსის ადამიანებისთვისაც შეურაცხმყოფელია.
„თუ მივუდგებით ისე, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, რელიგიურობა არანაირად არ უშლის ხელს არც განათლებას და არც ეკონომიკურ წინსვლას. ადამიანის არჩევანია, რომ აირჩიოს ცხოვრების ის წესი და ის რელიგია, რომლებსაც მისი მორალური პრინციპები და ფასეულობები დაემყარება.
ეს [პოსტი] მათი ნარატივის გაგრძელებაა – მათი ნარატივია, ყველაფერი ეროვნული, ტრადიციული, ჩვენი კულტურის ყველა მახასიათებელი შეურაცხყონ და არაღირებულად, არამნიშვნელოვნად, საქართველოს განვითარების ხელისშემშლელად წარმოაჩინონ, რაც ძალიან უსუსური მცდელობაა“, – აღნიშნა სეფაშვილმა.