„როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან (ეს ეხება 3-4 ადამიანს), ბუნებრივია, შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, – სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება, თვალის დაუხამხამებლად, ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ, ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ “TV პირველის” ეთერში.
კითხვაზე – თუ მოიგებს, ამ ადამიანებს გარიცხავს პარტიიდან? – ნიკა მელია პასუხობს, რომ პარტიულ თანამდებობებს რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს.
“ვის აქვს უფლება, რომ ვინმე პარტიიდან გარიცხოს? მაგრამ წამყვან პარტიულ თანამდებობებს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს, ცხადზე უცხადესია – იმიტომ, რომ იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული და არა სხვა გეგმებითა და ამოცანებით გამსჭვალულნი, რაზეც მომავალში ვისაუბრებ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ვფიქრობ, რომ პარტიაში სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვთ უნარი, იყვნენ ძალიან ეფექტურები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ გაიხსენა 2020 წელი, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„2020 წელი მახსოვს, როდესაც ბატონი გრიგოლ ვაშაძე ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და გაიმართა შიდა პრაიმერისი ჩემსა და ლევან ვარშალომიძეს შორის. ისე დაიწყო საარჩევნო კამპანია და ისე დასრულდა, არც ერთი გადაბრუნებული სიტყვა არც მე მიკადრებია ლევან ვარშალომიძის მიმართ და არც ლევან ვარშალომიძეს უკადრებია ჩემ მიმართ ტალახის სროლა. არ გვიკადრებია და არც ვიკადრებთ არასდროს. რატომ? იმიტომ, რომ ის იყო რეალური, გულწრფელი პროცესი, მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის და პირველი სამი წლის განმავლობაში, აგრესიის გარდა, იმ ადამიანების მხრიდან არ მიგვიღია, რომელთა პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო წლების განმავლობაში, მათ შორის, რომ პარტია ყოფილიყო ბევრად უფრო ძლიერი. “ზოგი ჭირი მარგებელია” პროცესია, დიახაც, ყველასთვის. მე პირადად, თუ გაინტერესებთ, დავრწმუნდი, რომ რიგი ადამიანების პირობებში შეიძლება შეუძლებელი გამხდარიყო პარტიული წინსვლა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.