„თუ როგორ ხდება რეალობის გამრუდება და სიცრუის ტირაჟირება, წამყვან უცხოურ მედია საშუალებებს თავი რომ დავანებოთ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია საშუალებები არანაკლები „სიმძაფრით“ ტირაჟირებენ! ამ, საკუთარი სახელმწიფოს წინაღმდეგ მიმართულ, საინფორმაციო ომში ოპოზიციის დიდი ნაწილის მონაწილეობა არის სწორედ ყველაზე საგანგაშო, თუმცა მათი პრაქტიკულად განულებული რეიტინგები სხვა რამეზეც მიუთითებს!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთზე არანაკლებად (თუ მეტად არა), ჰიბრიდული ომების ტაქტიკას მათთვის არასასურველი პოლიტიკური ჯგუფებისა თუ ქვეყნების წინააღმდეგ დასავლეთის წამყვანი მედია საშუალებებიც ხშირად იყენებენ, და კიდევ უფრო სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც კონკრეტული უცხოური მედია საშუალებები ამტკიცებენ, თითქოსდა რუსეთის ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალა, ეს – ყველაფერი არც მეტი და არც ნაკლები – საქართველოდან შეტანილი საქონლის შედეგად ხდება!

ამის ნათელი მაგალითია წამყვანი დასავლური მედია პლატფორმის – „სი-ენ-ენის“ ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციის შეტანაზე!

რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც „სი-ენ-ენის“ ჟურნალისტმა არ შეიძლება არ იცოდეს, – ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ანგარიშებშია ასახული, რაც გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს!

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33%  შეადგინა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7%-ით  გაიზარდა – მაშინ, როდესაც საქართველოდან ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა რეგიონის ქვეყნებზე მოდის: სომხეთში – 129%-ით, აზერბაიჯანში – 27%-ით, ხოლო თურქეთში – 35%-ით და ყაზახეთში – 148%-ით არის გაზრდილი. ამასთან, აშშ-ში – 36%-ით, ხოლო ბულგარეთში – 67%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული!

გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან დღესაც კი, ევროპული და ამერიკული კომპანიების დიდი ნაწილი, მიუხედავად დეკლარირებული რუსული ბაზრის დატოვებისა, დღემდე აგრძელებს სხვადასხვა ფორმით ოპერირებას რუსულ ბაზარზე, რითაც დასაქმებასთან ერთად, რუსეთის ბიუჯეტში მილიარდობით რუბლის გადახდასაც ახორციელებს!

თვალსაჩინოებისათვის: იელის უნივერსიტეტის ახალი მოხსენების თანახმად, 550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია ევროპიდან კვლავ ახორციელებს ბიზნესს რუსეთში ნაკლებად ან უფრო გაზრდილ ბრუნვაში, რითაც ღიად ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ ზეწოლას, რათა დატოვონ რუსეთი უკრაინის შეჭრის შემდეგ.

აქედან 223 კომპანია აგრძელებს “ჩვეულებრივ საქმიანობას”, მათ შორის, ცნობილი ფირმები იტალიიდან (Boggi, Benetton, Calzedonia), საფრანგეთიდან (Clarins, Etam, Lacoste), გერმანიიდან (Siemens Healthineers, B. Braun) და ნიდერლანდებიდან (piliphs).

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული „ჩვეულებრივი ბიზნესის“ სიაში ასევე წარმოდგენილია ზოგიერთი ცნობილი ამერიკული ფირმა, როგორიცაა: Tom Ford, Tupperware და TGI Friday’s – ისევე, როგორც მრავალი ჩინური საწარმო, როგორიცაა: Alibaba, Tencent და ZTE, და სამგზავრო გადაზიდვები, როგორიცაა Emirates Airlines, Egyptair, Qatar Airways და Turkish Airlines.

საერთო ჯამში, იელის მონაცემთა ბაზა შეიცავს 1,389 კომპანიას მთელი მსოფლიოდან და დაყოფილია ხუთ კატეგორიად:

223 კომპანია, რომლებიც ჯერ კიდევ ასრულებენ „საქმიანობას ჩვეულებისამებრ“; მათ შორის ზემოხსენებული ფირმებია.

162 კომპანია, რომლებმაც გადადეს სამომავლო ოპერაციები, მაგრამ აგრძელებენ „არსებითი ბიზნესის“ კეთებას რუსეთში.

170 კომპანია, რომლებმაც შეამცირეს ზოგიერთი “მნიშვნელოვანი” ოპერაცია, მაგრამ განაგრძეს საქმიანობა უკვე სხვა ფორმით.

493 კომპანია, რომლებმაც დროებით შეაჩერეს რუსეთში აქტიური ოპერაციები, მაგრამ შეინარჩუნა ნარჩენი ფინანსური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

და მხოლოდ 341 კომპანიაა, რომლებმაც „მთლიანად“ შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში.

ჩვენ მიერ ნაჩვენები სამი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ფორმით კვლავ აგრძელებს საქმიანობას რუსეთში და, შესაბამისად, აფინანსებს რუსეთის ბიუჯეტს, წარმოდგენილია 555 კომპანიის სახით, რაც შეადგენს მონაცემთა ბაზის თითქმის 40%-ს, ხოლო იმ კომპანიების წილი, რომლებმაც მთლიანად შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში, არის მხოლოდ 24.5%!

კომპანიებს შორის, რომლებმაც გადადეს სამომავლო ოპერაციები, მაგრამ აგრძელებენ „არსებითი ბიზნესის“ კეთებას რუსეთში. არის მრავალი ცნობილი ფირმა როგორც ევროკავშირიდან, ისე G7-დან, როგორებიცაა: AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი), Barilla (იტალია), Bayer (გერმანია), BlaBlaCar (საფრანგეთი), Engie (საფრანგეთი), Giorgio Armani (იტალია), ING Bank (ნიდერლანდები), Merck (გერმანია), Nestle (შვეიცარია), Red Bull (ავსტრია), Total Energies (საფრანგეთი), Unilever (დიდი ბრიტანეთი) და Yves Rocher (საფრანგეთი), ზოგიერთი ევროპული კომპანია ასევე შედის ამ კატეგორიაში.

კიდევ უფრო საინტერესოა კომპანიები, ვინც ე.წ. “დაბრუნების” პროცესშია, ისეთი ცნობადი სახელებით, როგორებიცაა: Adobe (აშშ), Allianz (გერმანია), Google-ის დედა კომპანია Alphabet (აშშ), Bosch (გერმანია), Coca-Cola (აშშ), Duolingo (აშშ) , Eni (იტალია), Ferrero (იტალია), JPMorgan (აშშ), Microsoft (აშშ), Ørsted (დანია), Pirelli (იტალია), Spotify (შვედეთი), Toyota (იაპონია) და Vattenfall (შვედეთი).

„თუ როგორ ხდება რეალობის გამრუდება და სიცრუის ტირაჟირება, წამყვან უცხოურ მედია საშუალებებს თავი რომ დავანებოთ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია საშუალებები არანაკლები „სიმძაფრით“ ტირაჟირებენ! ამ, საკუთარი სახელმწიფოს წინაღმდეგ მიმართულ, საინფორმაციო ომში ოპოზიციის დიდი ნაწილის მონაწილეობა არის სწორედ ყველაზე საგანგაშო, თუმცა მათი პრაქტიკულად განულებული რეიტინგები სხვა რამეზეც მიუთითებს!“ – აღნიშნავს ცუცქირიძე.

გაზიარება