რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლის – გვანცა ბირთველიშვილის  განცხადებით, მას საკრებულოს თავმჯდომარისა (გახარიას პარტიიდან)  და „ნაციონალური მოძრაობის“  წევრების მხრიდანზეწოლის გამო,  3 კვირის ორსულობა შეუწყდა.

„მე ბრიფინგის დროს არ ვაპირებდი, ზოგადად, ამ თემას შევხებოდი, მაგრამ იმდენად ემოციური და ამღელვებელია ეს ფაქტი ჩემთვის, რომ, რატომღაც, საუბრის დროს მოვაყოლე ეს საკითხი. ან თემაზე ლაპარაკი ახლაც მიჭირს, თუმცა, როდესაც ჩემ მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება (და ვფიქრობ, რომ ზოგადად, ეს დისციპლინური წარმოება  უკვე ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს), იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ შემექნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და, აქედან გამომდინარე, შემიწყდა 3 კვირის ორსულობა.

როგორც იცით, საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ გახარიას პარტია „საქართველოდან“ წარმომადგენელი და მან აგრეთვე მითხრა ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წარმოდგენილი არის საკრებულოში, მას სთხოვდა, რომ დაესაქმებინა მისი კადრებიც, შესაბამისად, ზუსტად ეს იყო, ალბათ, საკრებულოს თავმჯდომარისგან წამოსული ინიციატივა, რომ მე უნდა დამესახელებინა თანამშრომლები, რომლებსაც გავუშვებდით.

ცხადია, მე აპარატის თანამშრომლების არც მიღებას ვწყვეტ და არც გაშვებას. ამ ფაქტთან დაკავშირებით არ დავეთანხმე  საკრებულოს თავმჯდომარეს.

როგორც იცით, საკრებულოში მიმდინარეობდა მოკვლევა შრომის ინსპექციის მხრიდან დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით. მე გამოკითხული ვიყავი შრომის ინსპექტორის მიერ როგორც ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი და, ცხადია, მე იქ დავადასტურე თავმჯდომარის მიერ შევიწროების ფაქტები.

ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, თავმჯდომარემ პირად საუბრებში მითხრა, რომ მე პოლიტიკურად ვაქტიურობდი და უნდა გავჩერებულიყავი. ამის შემდეგ მინდა, აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ თქვენი ტელევიზია [ტელეკომპანია “POSTV-ი”] იყო მოსული საკრებულოს აპარატის უფროსის ინტერვიუს ასაღებად, რა დროსაც მე საშვი დავუშვი ჟურნალისტებზე და ვასრულებდი აპარატის უფროსის დავალებას. აქედან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარემ დაიწყო დისციპლინური წარმოება ჩემ მიმართ და საფუძვლად დაუდო ზუსტად ეს ფაქტი, – რომ ჟურნალისტების შემოვუშვი საკრებულოს ფლიგელში“, – განაცხადა გვანცა ბირთველიშვილმა.

ცნობისთვის: შრომის ინსპექციამ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და შევიწროების გამო  რუსთავის საკრებულო დააჯარიმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია “საქართველოსთვის” რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში იმყოფებიან. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს გახარიას პარტიის წევრი იკავებს, მოადგილეები კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.

შრომის ინსპექციამ ოპოზიციური პარტიის მაღალჩინოსნები აპარატში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა. ინსპექციის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო  აპარატის თანამშრომლებს ავიწროებდნენ, არასათანადოდ ეპყრობოდნენ და უზღუდავდნენ კანონით გათვალისწინებულ მომსახურებებზე წვდომას.

შრომის ინსპექცია დასკვნაში ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით შევიწროება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა.

შრომის ინსპექციის დასკვნას უკვე გამოეხმაურნენ აპარატის ის თანამშრომლები, რომლებზეც სამსახურიდან პოლიტიკური დევნა და შევიწროება ხორციელდებოდა.

გაზიარება