“ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ, ჩვეულებრივი ტერორია”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ტერორს ახლაც აგრძელებს.
„საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, გუშინ კითხვა არ გაუჩნდა, – იქ ქალბატონებისა და პერსონალის უფლებები არ ირღვევა? ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როდესაც ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ტერორს? სხვა რომ ანალოგიურად მოიქცეს, ადამიანის უფლებების დამცველები მოითხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები ასახავს მსჯავრდებულის მდგომარეობას სხვადასხვა პერიოდში.