„იმ კადრებიდან გამომდინარე, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, საქართველოს ხელისუფლებას რას ედავებით? თმა რომ აქვს დასავარცხნი მიხეილ სააკაშვილს თუ წვერი რომ აქვს გასაპარსი? კანონიდან გამომდინარე, დაასახელეთ, პატიმარს დიაგნოზში რა უწერია, რაც ითვალისწინებს მის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს თხუთმეტთვიანი პატიმრობიდან ნახევარი მოხდილი აქვს ოროთახიან „ლუქსში“ და ის დღეს ყველაზე ძვირადღირებული პატიმარია.
„რას გვედავებით? 24-საათიან სამედიცინო მეთვალყურეობას? დემენციის მქონე ადამიანი უკრაინულად კარგად უნდა ლაპარაკობდეს და ქართულად – არა? თქვენი ძვირფასი ექიმები დიაგნოზს მალავენ, თქვენი ადვოკატები მალავენ. ერთადერთი რამე სწყენს სააკაშვილს, ეს არის ოთხი კედელი და საქართველოს ჰაერი“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე.