“სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით?”,- ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის ევა კაილის დაკავებას.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროდეპუტატის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის.

„ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის. კორუფცია („ეშმაკის მიერ ადამიანთა შეცდენის ერთერთი ფორმა“), შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ თუ ეს ამბავი თვით ევროპარლამენტის მაღლჩინოსნებში ხდება, მე მაშინ ტრადიციული ევროპული „შეშფოთება-აღშფოთების“ ნაცვლად, შემდეგი კითხვა და ეჭვი მიჩნდება. მაგალითად, სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით? დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პირობებში, ცხადია ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გარეშე ვარაუდს და ეჭვს გამოვთქვამ, ხომ მაქვს უფლება?!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

ცნობისთვის, ბელგიაში დააკავეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი და კიდევ ოთხი პოლიტიკოსი, რომლებსაც შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. ევროდეპუტატი ევა კაილი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტის იმ წარმომადგენელთა შორის, რომლებიც კატარის შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას იკვლევდა. კაილი იმყოფებოდა კატარში, რის შემდეგაც იქ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ევა კაილი ცდილობდა ქრთამის სანაცვლოდ ევროპარლამენტში გავლენა მოეპოვებინა და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა.

გაზიარება