შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, ხოლო დაჭრილია კიდევ ხუთი პირი.

„გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი ხუთი ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება