პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საჯარო მოხელეს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მთავრობის მეთაური საჯარო მოხელეებს ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„მათი წვლილი ფასდაუდებელია, რადგან პროფესიონალი მოხელეები ყველა საჯარო დაწესებულების მამოძრავებელ ძალას, მისი განვითარების მთავარ აქტორებს წარმოადგენენ.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკური აღმშენებლობის, სოციალური და საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით. ამ მიღწევათა გასაგრძელებლად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაძლიერებლად აუცილებელია რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფა, პოლიტიკის სისტემური და კოორდინირებული დაგეგმვა, რესურსებისა და პოტენციალის შეფასება და ანალიზი, მათი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. ამ პროცესებში საჯარო მოხელეებს საკვანძო როლი აკისრიათ.

საქართველოს მთავრობა კვლავაც აგრძელებს საჯარო მმართველობისა და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილის – საჯარო სამსახურის რეფორმას, რაც გულისხმობს ევროპული პრინციპების დამკვიდრებას და ინსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფას. მომავლის საჯარო სამსახურის მშენებლობაში საჯარო მოხელეთა წვლილის დაფასება ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მათი ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და  მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს და შემდგომ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ საჯარო მოხელეს!“ – წერს ღარიბაშვილი.

გაზიარება