“ნაცვლად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე არჩეული პრეზიდენტი ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ის აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს”,-  წერს “ფეისბუკის” გვერდზე მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

ვატო შაქარიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის უსაფუძვლო ბრალდების წაყენებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი სიყალბეს უნდა ებრძოდეს და არა პირიქით – სიყალბით ებრძოდეს საკუთარ სახელმწიფოს.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა ამერიკის ელჩის თანაშემწე, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახური ბიუროკრატი. საგანგაშოა, როდესაც მთავარსარდალი, პირდაპირი წესით არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი, საკუთარ ქვეყანას უსაფუძვლო ბრალდებას უყენებს (სანქციების გვერდის ავლაში დახმარება) და თანაც მტკიცების ტვირთს მთავრობას აკისრებს. ეს ხომ “ნაცმოძრაობის” სტილია – მე დაგაბრალებ, შენ კი თავი იმართლე და ამტკიცე ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. რა მოვთხოვოთ გონჩარენკოს, ფოტიგას ან იან კელის, როდესაც ჩვენივე პრეზიდენტი გვევლინება ანტი-ქართული კამპანიის ავანგარდში?!

რისკენ მოგვიწოდებს ქალბატონი პრეზიდენტი – უკრაინის მიმართ სოლიდარობა, საკუთარი მოსახლეობის და ქვეყნის დაზიანებით გამოვხატოთ?!

ყველამ ვნახეთ, რა შედეგი მოუტანა 2019 წელს, “გავრილოვის” წინასწარ დაგეგმილმა პროვოკაციამ ჩვენს ქვეყანას. როგორ დააზიანა ეკონომიკის ის სფეროები, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული და საიდანაც არა მარტო ბიზნეს-ელიტა, არამედ ათი ათასობით ქართული ოჯახი იღებდა შემოსავალს.

ქალბატონო (პ)რეზიდენტო, იქნებ დაინტერესდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღემდე არსებული სავაჭრო ურთიერთობებით რუსეთთან, პირდაპირ თუ სხვა გზებით! საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს დამუნათებამდე, იქნებ იმ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი გენახათ, რასაც აშშ რუსეთიდან დღემდე ყიდულობს!

ან იქნებ თქვენს კოლეგა, კასიანოვისთვის გეკითხათ, რატომ მიმართმა უკრაინამ ევროკავშირს, რომ ბელარუსზე სანქციები არ გავრცელებულიყო?!

თქვენ ამ სიყალბეს უნდა ებრძოდეთ ქართველ ხალხთან ერთად და არა პირიქით – სიყალბით ებრძოდეთ საკუთარ სახელმწიფოს!”, – წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება