„ეს წერილი, პრაქტიკულად, სპეკულაციების სივრცეს აღარ ტოვებს. ვფიქრობ, ამ პასუხის შემდეგ ან ფაქტები უნდა წარმოადგინონ, ან ჭორაობას თავი დაანებონ“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი ირაკლი კობახიძის მიერ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ სტატუსს.

„სანქციებისგან თავის არიდების Fake კამპანიებზე ირაკლი კობახიძის განმარტებაში ყველა კითხვაზე დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხებია გაცემული.
სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიზანმიმართულად, უამრავი მოგონილი ამბავი გავრცელდა, რომ, თითქოს, საქართველო გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობად. ეს თემა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, კონკრეტული ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე.
უკრაინის დაზვერვამ არაერთხელ გაავრცელა ასეთი დეზინფორმაცია, თუმცა დასადასტურებლად არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია. ისიც გემახსოვრებათ, ომის დაწყებიდან პირველ დღეებში რაც იკადრეს, – რომ, თითქოს, საქართველოდან მძიმე სამხედრო ტექნიკა შევიდა რუსეთში, თან ისე, რომ, თურმე, ამხელა ეშელონები ვერაფერმა დააფიქსირა. ეს მიზანმიმართული ტყუილები მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაზიანებას ისახავს მიზნად. აქ, ალბათ, ლოგიკური კითხვაც ჩნდება – რატომ? იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ატარებს საქართველოს ინტერესებს და აკეთებს იმას, რაც საქართველოსთვის არის სასარგებლო!
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ორკესტრირებულ Fake კამპანიაში ისეთი მედია საშუალებაც ჩაერთო, როგორიც “CNN-ია”. ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ თავისი საქმე გააკეთა – დააზიანა საქართველოს საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია. უკვე ყველაფერი ნათელია – გარკვეული ჯგუფები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ორკესტრირებულად ცდილობენ, დააზიანონ საქართველოს ინტერესები. თუმცა, ეს ტყუილები უპასუხოდ, რა თქმა უნდა, არ და ვერ დარჩება“, – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.

გაზიარება