საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაწილ-ნაწილ რეზოლუციების მხარდაჭერა არ ხდება არსად, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში. კარგი იქნება, თუ გაერკვევით პროცედურებში.

მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ეგიდით ჩვენ გვქონდა შეხვედრა 20 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ძირითადად, ეს იყო აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.

ეს  მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ ქვეყნებთან ჩვენ არ გვაქვს ხშირი კავშირები და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ შეხვედრებზე მათ გავაცნოთ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რა შედეგები მოაქვს რუსეთის აგრესიას.

იქ მყოფი ყველა სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გადაწყვეტილება არ განიხილება.

მინდა ავღნიშნო ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენი ვიზიტის შესახებ დამცინავი გამოხმაურება, რაც ამჟღავნებს მათ სრულ უვიცობას საერთაშორისო ურთიერთობებში, რადგან საერთოდ ვერ ერკვევიან ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების რაობაში, ვერც საპარლამენტო ასამბლების ფუნქციაში. ეს ერთი უბედურებაა, მეორე უფრო დიდი უბედურება კი ისაა, რომ ეს ადამიანები თავს წარმოაჩენენ ლიბერალური ფასეულობების აპოლოგეტებად, ამ დროს კი რასისტული ქვეტექსტებით აფასებენ ჩვენს ვიზიტს რუანდაში.  ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ რეალურ ქსენოფობიურ სახეს.

საინტერესოა, ამ განცხადებების შემდეგ როგორ შეხვდებიან  ისინი თავიანთ პარტნიორებს, თუნდაც, ვაშინგტონში ან ბრიუსელში; თუნდაც, აზიის ქალაქებში, – თუ მათ ეს შეხვედრები ექნებათ საერთოდ.

ასეთი რასისტული ქვეტექსტებით საუბარი 21-ე საუკუნეში, უბრალოდ, მდაბიოობის და დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია“.

გაზიარება