„ყველა სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე და მოქალაქეებზე ზრუნავს, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატო-ს წევრი არაერთი სხვა ქვეყანა, სრულიად ღიად და ხაზგასმით მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, უკრაინაში საომრად არ წავიდნენ. ამ ფონზე, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს, რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი მოხალისეების მონაწილეობა ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით წაახალისოს“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისი თქმით, საქართველო დღეს არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის მიმართაც მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი არსებობს. როგორც ექსპერტი ამბობს, ქართული ომის პარტია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით, სწორედ ამ ინტერესს ემსახურება და საქართველოს მეორე ფრონტისკენ დაუფარავად ექაჩება.
„პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟს ძალიან სწორი აქცენტებით უპასუხა. ამით გაღიზიანებულმა რადიკალებმა სასწრაფოდ დაამობილიზეს უკრაინაში მებრძოლი მათივე თანაგუნდელები, რომლებსაც პრემიერის განცხადება ერთხმად დააგმობინეს. კოორდინირებული განცხადებების მთავარი ლაიტმოტივი კი ის იყო, რომ უკრაინის ომი საქართველოს ომია და ეს ომი ქართველებმაც უნდა იომონ. რა მიზანს ემსახურება ცხელი ომის მხარედ საქართველოს წარმოჩენა, რასაც რადიკალური ოპოზიცია უკრაინაში მებრძოლი მათი თანაგუნდელების პირით ახმოვანებს, ვფიქრობ, რთული გამოსაცნობი არაა.
საქართველომ 1991-2008 წლებში სამი ომი გამოიარა. ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რამდენი წლით დახია ამ ომებმა უკან ჩვენი ქვეყანა. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ომის მხარედ საქართველოს ქცევის და საქართველოში ახალი ომის წამოწყების სურვილი მხოლოდ იმ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, რომლებსაც ღალატის მოტივი ამოძრავებთ და რომლებიც 2008 წელს საქართველოდან გასაქცევად წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ.
ბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის მიღებაც ქართული საზოგადოებისთვის ბევრ რამეს ახდის ფარდას: რატომ არის საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას ესკალაციისკენ და მეორე ფრონტისკენ ექაჩება? ყველამ იცის, რომ ამ ადამიანებს, ზოგადად, სამშობლო არ უყვართ და ისინი საკუთარი ქვეყნის მტრები არიან. მაგრამ ეს ფაქტორი მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რადიკალური ოპოზიციის აქტიურობის უკან სხვა რამე დგას. თუმცა, მირჩევნია, ამ საკითხზე საზოგადოებამ საკუთარი დასკვნა თავად გამოიტანოს“ , – აცხადებს ექსპერტი.