„მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები, – რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის ავანსად მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან უკრაინა არის ომში, მოლდოვა კი – ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინასაც და მოლდოვასაც კანდიდატის სტატუსი იგივე დათქმებით მისცეს, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა.
„რაც შეეხება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას – არავინ დავობს არსად, არც ევროკავშირში, მხოლოდ ამ ვიწრო ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, ათი თავით უსწრებს უკრაინას, მოლდოვას ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამით არაფერი შეცვლილა, გარდა ერთი, მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა.
ქვეყანას მიეცა ევროპული პერსპექტივა. ცხადად, ნათლად, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ვერ იოცნებებდნენ ბატონი გიორგი ვაშაძე და სხვები. ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებს ვიმეორებ, ბატონი შარლ მიშელის და სხვა, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერის, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ამით ეს პროცესი, რეალურად, ერთი ციკლი დაიხურა. ეს არის დამაგვირგვინებელი, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის და, რაც მთავარია, ნაყოფიერი მუშაობის. მე მახსოვს, ათეულობით და ასეულობით კანონპროექტზე გვიწევდა მუშაობა. უამრავი სამუშაო გასწია მთელმა საჯარო სექტორმა პარლამენტთან, თქვენთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.