„ფეისბუკის“ მომხმარებელი თამარ უჯმაჯურიძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„საქართველო აუცილებლად შევა დიდ, ევროპულ ოჯახში!

ოღონდ მაშინ:

როცა ევროპა დაიბრუნებს თავის ევროპულ სახეს და იმ ღირებულებებს, რომელიც ყოველთვის მოგვწონდა ევროპაში;

როცა გაიაზრებს არა მხოლოდ თავის მნიშვნელობას საქართველოსთვის, არამედ საქართველოს მნიშვნელობასაც ევროპისთვის;

როცა საქართველოს მიიღებენ არა როგორც სტუმარს, სამადლოდ,არამედ როგორც ამ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრს;

როცა გაიაზრებენ, რომ საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში თავის გადასაწყვეტს თვითონ წყვეტს და არა რომელიმე ქვეყნის მითითებით ან ბრძანებით;

როცა მიხვდებიან, რომ საქართველოს – უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანას, დიახაც, ამაყს თავისი სარწმუნოებით, ენით, დამწერლობით, მე-12 საუკუნეში ნაქონი რენესანსით, გმირული წარსულით, გამორჩეული სიმღერით, გასაოცარი პოეზიით, ვაზით, ღვინით, უძველესი არქიტექტურული ძეგლებით, გასაოცარი მთა-ბარით… არავის ჭკუის სასწავლებელი არაფერი სჭირს და თუ რამ გადმოსაღები და ასათვისებელია, რამენაირად ეყოფა სიბრძნე, რომ თავის ყოფაში გადმოიტანოს.

როცა დაიჯერებენ, რომ საქართველო სპეციფიკური ქვეყანაა, უძველესი ტრადიციებით მდიდარი, და რომ არის რაღაც, რასაც ვერ გაითავისებს, ვერ მიიღებს, ვერ იგუებს;

აი, ასეთი ევროპა მინდა და ასეთად მინდა ევროკავშირში შესვლა! სულ ესაა“, – წერს უჯმაჯურიძე.

გაზიარება