“საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს”, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – “RWE AG-ის” აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრის შემდგომ.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს. განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონული პროექტები”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის მეთაურმა, “RWE AG-ის” აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან შეხვედრაზე ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად RWE AG-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია.
RWE AG-ი გერმანული მრავალეროვნული ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიის პორტფელი მოიცავს ქარის, მზის, წყალბადის, ბატარეების, გაზისა და სხვა განახლებადი ენერგიის წარმოებას, მასში დასაქმებულია 19000-ზე მეტი ადამიანი, შემოსავალი კი, 24,5 მილიარდ ევროს შეადგენს.