„საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და უკვე აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საგარეო პოლიტიკური ცვლილებებისა და ტურბულენტობის პირობებში, საქართველო ახერხებს და ინარჩუნებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
„ჩვენ ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. ცვლილებები იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო სირთულეებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირება და სხვა გამოწვევები ამის ნათელი მაგალითებია. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა.
ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას დიდი ენთუზიაზმით შევუდექით. იმის მიუხედავად, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, საქართველომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოება და ქვეყნის სრული ევროპეიზაცია.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მეტ ენერგიას შესძენს საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დინამიკურად განვითარებად დემოკრატიას და დიდი სტიმული იქნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის.
კანდიდატობის სტატუსი ასევე შეამცირებს ისეთი ავისმსურველების ძალისხმევას, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც სურს, ჩვენს რეგიონზე კვლავ ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.