„ერთადერთი, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ თუ ხარ საქართველო – პატარა ქვეყანა, და უშუალო მეზობელი რუსეთისა, და მდებარეობ უკიდურესად არასტაბილურ რეგიონში, სადაც სხვა დიდ, უფრო ძლიერ, უფრო აგრესიულ აქტორებსაც აქვთ ინტერესები, მაშინ ჭკუას უნდა მოუხმო“, – განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ცნობილმა ბრიტანელმა ისტორიკოსმა დომინიკ ლივენმა.

„რომანტიზმის ფუფუნება არ გაქვს, და ხშირად – არც მორალური უპირატესობის. პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებსა და უსაფრთხოებას უნდა მიხედო. და ისიც უნდა გათვალო, საგარეო პოლიტიკაში ამა თუ იმ პოზიციის დაკავებას რა გავლენა ექნება ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

პირველი, რაც უნდა ისწავლო და მუდამ გახსოვდეს, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, ეს – სიფრთხილეა. თუ იპოვი ძლევამოსილ მოკავშირეს, რომელიც დაგიცავს, მშვენიერი, თუ არა – ფრთხილად იყავი.
ამერიკელები, ჯერჯერობით, სანიმუშოდ იქცევიან ამ კონფლიქტში, ამერიკელი გადასახადების გადამხდელები უამრავ ფულს ხარჯავენ უკრაინის შესანარჩუნებლად. და ვფიქრობ, ბაიდენიც საზრიანად, ცივი გონებით უდგება საკითხს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაშინგტონს აქვს ერთგვარი რეპუტაცია მოკავშირეების წაქეზებისა და მერე მათთვის მხარდაჭერაზე უარის თქმისა – როგორც, მაგალითად, უნგრეთში 1956 წელს და, ნაწილობრივ, საქართველოშიც – 2008 წელს. ასე რომ, ყოველთვის სიფრთხილე გმართებთ საკუთარი ინტერესებისა და თავის გადასარჩენად“, – აცხადებს დომინიკ ლივენი.

გაზიარება