“კასიანოვისა და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიზანია, როგორმე თუნდაც ერთი ტყვია მივაწოდოთ უკრაინას – ამ შემთხვევაში, შეიარაღებით დახმარებისას, ფაქტობრივად, ომის მონაწილე ხდები”, – აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, კასიანოვსა და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ორი მიზანი აქვთ.

„პირველი – როგორმე თუნდაც ერთი ტყვია მივაწოდოთ უკრაინას – ამ შემთხვევაში, შეიარაღებით დახმარებისას, ფაქტობრივად, ომის მონაწილე ხდები; მათ კარგად იციან საქართველოს ხელისუფლების მყარი პოზიცია – ხელისუფლება ამ ნაბიჯზე არ წავა, საქართველოს ომისკენ არ წაიყვანს და ამ საფრთხეს ყველანაირად აარიდებს თავიდან. რატომ ითხოვენ საქართველოსგან შეიარაღებით დახმარებას ასე ჯიუტად? კასიანოვი უკრაინის პოზიციას ახმოვანებს, უკრაინა – დასავლეთისას – ისინი დამოუკიდებლები არ არიან, ეს ფაქტორი ყველამ ვიცით. მათი მთავარი მიზანი რა არის? საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ხელისუფლება ქვეყნის იმიჯს წარადგენს, სახელმწიფოს იმიჯი ხელისუფლების ქმედებით იზომება – მათ სურთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პოლიტიკური იმიჯი საერთაშორისო არენაზე დღეს მაქსიმალურად შეელახოს. ქვეყნის შიგნით ისინი ამ ქმედებით, ასეთი ცინიკური დამოკიდებულებით, გაღიზიანებით ქართველი ხალხის ემოციაზე მუშაობენ. თითოეულ ქართველ კაცში გმირული სულია. ისინი ქართველი კაცების, ქართველი მებრძოლი ბიჭების ემოციაზე მუშაობენ და ცდილობენ, მაქსიმალურად წყობიდან გამოიყვანონ ქართველები, რათა სწორედ ესენი დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას და ამით ის სანატრელი და საოცნებო სახელმწიფო გადატრიალება მიიღონ, რისთვისაც ამდენი ხანია, წვალობენ – დაწყებული სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან, გაგრძელებული ომის დაწყებიდან. ამას ვერ აღწევენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობა კბილებით მოიტანა აქამდე, საქართველოს ომში ჩართვას არ დაუშვებს. ყველაფერს ვაძლევთ, ყველაფერს ვუკეთებთ უკრაინას – ვუწევთ ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას, გვერდში ვუდგავართ იურიდიულად, სამართლებრივად, ყველა საერთაშორისო არენაზე, ერთადერთი იარაღს არ ვაწვდით. რა იარაღი უნდა მიაწოდოს საქართველომ უკრაინას, რომ ეს უკრაინისთვის გადამწყვეტი ან თუნდაც მცირედით მნიშვნელოვანი მაინც იყოს? ერთი ტყვიაც რომ შევიდეს უკრაინაში ოფიციალურად საქართველოს სახელით, ეს უკვე ქვეყნის საომარ ქმედებაში ჩართვის ტოლფასია. მათ იციან, საქართველო ამაზე არ წავა, ამიტომ ჩვენი ქვეყნის იმიჯის განადგურებას მაქსიმალურად ცდილობენ“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, გარკვეული ძალები ცდილობენ, ქართველი კაცი, რომელიც სამშობლოსთვის თავდადებით და მტერთან ბრძოლის უნარითაა განთქმული, თავისსავე ხელისუფლებას აუმხედრონ.

„ქართველების გულზე ზემოქმედებას ცდილობენ, ემოციებზე ურტყამენ, ამ დარტყმას ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად აძლიერებენ, რომ როგორმე ქართველი მებრძოლები წყობიდან

გამოიყვანონ. ქართველებს მუდმივად, ისტორიულად სამშობლოსთვის და უსამართლობასთან მებრძოლის იმიჯი ჰქონდათ, მით უმეტეს, რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულება ყველამ იცის – რუსეთს ყველა ოკუპანტად მივიჩნევთ. არ არსებობს ქართველი, რომელიც რუსეთს ოკუპანტად არ მიიჩნევდეს. გარე, თუ შინა მტრები კი მაქსიმალურად გვაღიზიანებენ, რომ როგორმე ქართველი ხალხი არსებულ ხელისუფლებას აუმხედრონ – ეს არის მათი მთავარი მიზანი“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

„ხალხის ძალის“ წევრის თქმით, საქართველოს სჭირდება თავდაცვის მექანიზმი, საერთაშორისო ალიანსი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს წევრად მიღებას არ გეგმავს. თამარ ჩიბურდანიძე, ამ კონტექსტში, ხაზს უსვამს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის განცხადებას უკვე საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის შესახებ.

„ერთადერთი, რაც საქართველოს შესთავაზეს, არის ნატოში საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გაწევრიანება, რაზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავთანხმდით და არც არასდროს დავთანხმდებით. ნატო-ს ყოფილი, თუ მოქმედი წევრები, ალიანსის მაღალჩინოსნები, აჟღერებენ ქვეტექსტს, რომ საქართველოს წევრად ვერ მიიღებენ – ჩვენ გამო რუსეთთან ახალ ცეცხლს არ გახსნიან. ყველამ ვიცით, რომ უკრაინის ომი, ფაქტობრივად, ვერ მთავრდება, რადგან მოლაპარაკების მაგიდასთან არცერთი მხარე არ ჯდება და, როგორც ჩანს, ომი სხვა ეტაპზეც კი გადადის. კისინჯერის განცხადებამ დამაფიქრა. მან თქვა, რომ უკრაინისთვის ნეიტრალიტეტის სტატუსი უკვე გვიანია. რატომ არის გვიანი? ნეიტრალიტეტის სტატუსი იქამდეა ხელსაყრელი, ვიდრე ომი დაიწყება. ომი რომ დაიწყება, ყველამ ვიცით, რომ ის ან დაზავებით, ან მოლაპარაკებით, ან მიტაცებით მთავრდება“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

გაზიარება