“საქართველოს რეალურად შეუძლია ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება და მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლიყ გააჩნია საქართველოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლების გარდა, საქართველოს დელეგაცია წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა.

„დავოსის ფორუმის ძალიან სერიოზულ ნაწილს პოლიტიკური შეხვედრები წარმოადგენს და აქაც, ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდი იყო საქართველოს მიმართ დაინტერესება და ეს ყველა მონაწილის მიერ აღინიშნა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია კოლეგებთან, რეგიონის ლიდერებთან, პრეზიდენტ ალიევთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გაზიარება