საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მხარეებმა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საკითხი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია განიხილეს.

ამასთან, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ზუპანჩიჩის თქმით, სლოვენია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა, არსებული ორმხრივი ახლო ურთიერთობების ფონზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, რასაც ასევე ხელს შეუწყობს 2023 წელს სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი.

ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა სლოვენიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, ევროპულ საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან. შეხვედრებისას მთავარ განსახილველ თემებს წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის აღსრულება, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები.

ნიკოლოზ სამხარაძემ, სლოვენიელ კანონმდებლებთან ერთად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილა. მან ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში საქართველოს როლზე.

მხარეებმა საქართველოსა და სლოვენიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები სლოვენიის პარლამენტში, სადაც საგნობრივად განვიხილეთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები. ეს არის პირველი ოფიციალური საპარლამენტო ვიზიტი სლოვენიაში, რომელიც, ვფიქრობ, რომ დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს სამომავლო თანამშრომლობაზე. სლოვენიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში არის სრული კონსენსუსი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სლოვენია გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას ამ გზაზე და იმედი მაქვს, რომ სლოვენიის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, მომავალ წელს ევროკავშირი მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, გრიგოლ ვაშაძე და საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვიქტორ სანიკიძე.

გაზიარება