„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია „GCA“ ცდილობს, საკუთარი საქმიანობა იმით გადაფაროს, რომ ოპონენტებს რუსეთუმეები ეძახოს და რუსეთთან კავშირში დაადანაშაულოს. ამას აკეთებს სრულიად უტიფრად – იმ დროს, როდესაც თავად იყო რუსულ ასოციაციებთან მაქინაციებში გახვეული და კონვერტებით დაარბენინებდა ფულს. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მსგავსი განცხადებებით გამორჩეული ზოგიერთი საჯარო პირი თავად იღებს პირდაპირ რუსეთიდან საავტორო ჰონორარებს რუბლებში და მე, დათო ევგენიძეს საქართველოში ვერ ამიღია კუთვნილი ჰონორარი ამ ასოციაციისგან“, – აცხადებს მუსიკოსი დათო ევგენიძე სააგენტო „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ევგენიძის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი დისკუსია გაიმართა, ათი წელი გავიდა, მთავრობა შეიცვალა, თუმცა ეს სფერო ჯერ კიდევ ვერ მოწესრიგდა. როგორც ის ამბობს, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება.
„როდესაც გიგა კობალაძის მიერ არაკეთილსინდისიერად გადანაწილებულ ჰონორარებზე ხმა ამოვიღე და კითხვები დავსვი, „GCA-ის“ დირექტორმა ასოციაციიდან გამრიცხა.
მეტი უსამართლობა და უკანონობა გაგიგიათ? ერთი ხელით ასოციაციიდან მრიცხავს და მეორე ხელით კვლავ აგრძელებს ჩემი კუთვნილი ჰონორარების აკრეფას კომერციული ობიექტებიდან – ისე, რომ მე ერთ თეთრსაც არ მირიცხავს. ასეთი ღია და დაუფარავი ძარცვაა. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ კრიმინალია.
გეკითხებით, როგორ შეიძლება, როდესაც უამრავი სრულმეტრაჟიანი ფილმისა და სერიალის ავტორი ვარ და ეს ფილმები დღესაც კი ტრიალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხელის მოწერით გამრიცხოს და ორი წლის განმავლობაში ჩემი შემოქმედებიდან მიღებული თანხა თავის ორგანიზაციას მოახმაროს?!
ამ ყველაფრის მერე, ის გამოდის და ამბობს, რომ ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა და, თურმე, კოვიდპანდემიის დროს, მიუხედავად მათი განახევრებული შემოსვლებისა, ქართველ ავტორებს არ დააკლეს თანხა. ეს არის უსინდისო ტყუილი. რა აძლევს ამის კეთების საშუალებას მას? ისევ და ისევ არასწორი კანონმდებლობა და ადმინისტრირება, უკანონო და უსამართლო, უკონტროლო მდგომარეობა.
საქართველოში მეორე საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“ სწორედ იმიტომ დაფუძნდა, რომ „GCA-გან“ წამოსულმა ავტორებმა გამოვთქვით პროტესტი წინა ასოციაციის არაკეთილსინდისიერ საქმიანობასთან დაკავშირებით და ჯანსაღი ალტერნატივა შევქმენით.
ამ წამოწყების ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვარ და „GERA-ს“ ამჟამინდელი ავტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახლავართ. რიცხვები ყველაზე კარგად გამოხატავენ განსხვავებას ამ ორი ორგანიზაციის საქმიანობის თაობაზე.
“საქპატენტის” დახმარებით, ბიზნესი დაშინებული ჰყავს კობალაძეს, რომ არ გაბედონ და ან პირდაპირ მე ან „GERA-ს“ არ გადაურიცხონ ჩემი კუთვნილი ჰონორარი.
ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა და დგას დღემდე ასობით ავტორი საქართველოში. და ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი, ჩვენ, ავტორებმა, ალტერნატიული ასოციაციის დაფუძნებაში ვიპოვეთ და, როგორც დრომ გვიჩვენა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
გამოსავალი არის ის, რომ მთავრობამ წესრიგი უნდა დაამყაროს ამ სფეროში. მას ამისთვის ყველა ბერკეტი გააჩნია – კანონმდებლობაც მის ხელშია და ადმინისტრირებაც. მე ხელოვანი კაცი ვარ და იურიდიულ საკითხებში ვერ ვერკვევი. ხელისუფლებას კი კომპეტენციაც გააჩნია და, თუ პოლიტიკური ნება იქნება, სფეროს მოწესრიგება უპრობლემოდ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ავტორები სახელმწიფოსგან? – ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება იქნას დაცული; გამჭვირვალედ და სამართლიანად მოხდეს საავტორო ჰონორარების აღრიცხვა და განაწილება. ნუთუ, ასე რთულია ამის გაკეთება? ჩვენ, ხელოვანებმა ჩვენი მისია ამოვწურეთ, არაერთხელ ვამხილეთ და გამოვააშკარავეთ რამდენი პრობლემაა ამ სფეროში, შევქმენით ჯანსაღი ალტერნატივა „GERA-ს“ სახით. ახლა ჯერი სახელმწიფოზეა“, – აცხადებს მუსიკოსი.