„ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. პირველ რიგში, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლებისა და საუკუნეების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მე მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ სიმბოლურად აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც მეტი ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი ხალხებისთვის მეტი კეთილდღეობის საფუძველი იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: დღეს საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია.