„დიახ, საქართველო თავისი ისტორიით წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელსაც საკმაოდ მრავალმხრივი და დიდი გამოცდილება გააჩნია. სამწუხაროდ, ამას ზოგიერთი ვაი ქართველი არ ითვალისწინებს. რაც შეეხება „მსოფლიოს მამებს“, სწორედ აქ უშვებენ დიდ შეცდომას, როდესაც, ამ გამოცდილების გათვალისწინების მაგივრად, თავიანთი ერთმნიშვნელოვნად აღიარებული იდეოლოგიებისა თუ მიმართულებების ჩვენთვის თავს მოხვევას ცდილობენ“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.

„ძნელია, არ დაეთანხმო ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში მოყვანილ აზრებს, ჩემში კი, პირადად, განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ეს წინადადება იწვევს: „საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა”.

ეს გახლავთ მათი შეცდომა. უმჯობესი იქნებოდა, ჩვენი ისტორია, კულტურა, ტრადიციები, მენტალიტეტი შეესწავლათ და ამის შემდეგ დაეწყოთ ჩვენთან მუშაობა, აღარაფერს ვამბობ ჩვენი ტრადიციული რელიგიებისადმი დამოკიდებულებაზე. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ღირსეულ დამოკიდებულებას, ამის იგნორირებას რომ არ ვხედავდეთ, ეს საკითხი არც წამოიჭრებოდა. ძალიან გახშირდა ჩვენს სუვერენიტეტში ჩარევის უხეში მცდელობები, – ხან სასამართლოს დამოუკიდებლობას ხელყოფენ, ხანაც პირდაპირ მოგვიწოდებენ იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. აქაც შეცდომას უშვებენ, – ჩვენში იმდენადაა გამჯდარი დამოუკიდებლობის განცდა, რაც საუკუნეების განმავლობაში სწორედ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისკენ ბრძოლამ გამობრძმედა, რომ ასე ადვილად ამას არ და ვერ შევეგუებით. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მცირე, არაპოპულარულ და ავტორიტეტის არმქონე ჯგუფებზე დაყრდნობა კი მათ შეცდომას უფრო აღრმავებს.

აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ზაზა შათირიშვილს, რომ ჩვენ მიმართ ღირსეული დამოკიდებულების მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ეს არა მარტო პასუხისმგებლობაა, არამედ ერთგვარი ვალიცაა ჩვენი წინაპრების, ჩვენი ქვეყნის, ისტორიის, კულტურისა და მართლმადიდებლობის წინაშე. საუკუნეების მანძილზე იმისთვის არ გვიომია, რომ ვიღაცის (ვინც გინდა იყოს!) ჭკუაზე ვიაროთ, მით უმეტეს, როცა ეს ჭკუა ჩვენთვის მისაღები არ გახლავთ და, უფრო მეტიც – ღირსების მაგივრად, უღირსობას მატებს ადამიანს. ყველამ უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ: ჩვენი, დიახ – ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს – გაცილებით ძლიერი და ულმობელი, ვიდრე ხმლით, ზარბაზნებით თუ ტანკებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მოწინააღმდეგემაც უნდა გაიგოს: ამ ბრძოლის ასე ადვილად მოგება შეუძლებელი იქნება. შეიძლება დავიხოცოთ, მაგრამ ღირსებას და სამშობლოს ასე ადვილად არ დავთმობთ.
ქართული სიტყვაა მტერ-მოყვარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მტერიც ვიცით და მოყვარეც, საჭირო დროს ორივეს ღირსეულად ვხვდებით ხოლმე, რაც მართლაც თითოეული ჩვენგანის ვალია“, – წერს “ფეისბუკის“ გვერდზე ნიკოლეიშვილი.

გაზიარება