„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიწვია, შეიძლება ითქვას, თავისი ფუნქცია დიდწილად შეასრულა, რადგან ძალიან ბევრი ორგანიზაციის, პოლიტიკური სუბიექტის თუ კონკრეტული ინდივიდის მხილება მოხდა; ბევრმა მათგანმა თავისი თავი ამოიცნო როგორც ამ კანონპროექტის სუბიექტმა.

საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, ვინ რომელ მხარეს დგას და გაჩნდა წარმოდგენა იმისა, რეალურად რას ემსახურებოდა ეს კანონპროექტი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საუკუნის თაღლითობად შეიძლება შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებული „ფეიკ კამპანია“, რომელიც რადიკალურმა ოპიზიციამ გააღვივა და კანონპროექტი რუსულად შერაცხა.

„ყველამ ძალიან კარგად იცის და, პირველ რიგში, თვითონ რადიკალებმა, რომ ეს იყო ამერიკული ვერსიის ქართული ლიბერალური ვარიანტი, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც ვხედავთ, რომ კანადაში, დიდ ბრიტანეთში და უკვე ევროკავშირშიც დაიწყეს მსგავსი კანონპროექტების შემუშავებასა და მიღებაზე ღიად და საჯაროდ საუბარი. ისმის ძალიან ლოგიკური კითხვა, რატომ არ შეიძლებოდა, მსგავსი კანონი შედარებით ლიბერალური ფორმით, რომლის ერთადერთი მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშგება იყო, მიღებულიყო საქართველოში. ეს არის თაღლითური და დესტრუქციული კამპანიის შედეგი. იმ ადამიანების უდიდეს ნაწილს, რომელიც კანონპროექტს აპროტესტებდა, სამწუხაროდ, მისი შინაარსი წაკითხული არც აქვს, ხოლო იმ ნაწილმა, რომელსაც წაკითხული აქვს, როგორც ჩანს, საკუთარი თავი ამოიცნო ამ კანონპროექტში და, შესაბამისად, სწორედ ეს იყო მათი მხრიდან გაღიზიანების და კანონპროექტის მიმართ ასეთი აგრესიული გამოხატულების ფონი. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ამ კანონპროექტმა თავისი ფუნქცია, გარკვეულწილად, შეასრულა.

საზოგადოება ნელ-ნელა იმასაც ხვდება, რომ კანონპროექტი, რეალურად, ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ორიენტირებული იყო და აბსოლუტურად შორს იყო იმ ქვეტექსტებიდან და მიზნებიდან, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გასულ დღეებში აჟღერებდა და რითაც ძალიან ბევრი ადამიანი მოატყუეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და დღესაც ცდილობენ, ეს კამპანია გააგრძელონ“, – განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება