“საზოგადოებაში რომ არ იყოს ეჭვები, გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითიც კითხვები მოიხსნება”, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, გიული ალასანიას ჩანაწერის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ეს ჩანაწერი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორთან მიმართებით ყურადსაღებია.

„გიული ალასანიამ ჩანაწერის ნაწილი დაადასტურა, მათ შორის ის, რომ უკრაინაში სააკაშვილის დასარწმუნელად ჩავიდა. რაღაცები არ დაადასტურა და თქვა, რომ არ ახსოვს. იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ იყოს ეჭვები, ეს ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითიც კითხვები მოიხსნება და, ალბათ, გიული ალასანიაც გაიხსენებს, მსგავსი საუბარი იყო თუ არა ორი წლის წინ და მისი ხმა იყო თუ არა ეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი – 2-მა” აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიო ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

გაზიარება