საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების მძიმე ვითარებაზე.
სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, წლის ბოლომდე დაასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.