„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც არ ეფუძნება იმ ძირითად ღირებულებებს, რაც პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. ეს არის: სხვისი პატივისცემა, სხვისი აზრისა და უფლებების პატივისცემა. მათ ეს საბაზისო პრინციპები არ აქვთ და, რომ არ ჰქონდათ, ამიტომაც ისინი ხელისუფლებას ჩამოაცილა ქართველმა ხალხმა“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებას.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიაში ოლიგარქიული გავლენა დიდია.

„საბაზისო პრინციპების არარსებობის გამო საკუთარ გუნდშივე აქვთ დაპირისპირება, რადგან პატივს არ სცემენ საკუთარი გუნდის წევრების მოსაზრებებს. ეს იწვევს დაპირისპირებას. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, თუ რამხელაა ოლიგარქიული გავლენა რადიკალურ ოპოზიციაში. ჩვენ ამას პირდაპირ გვიდასტურებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ხელს ადებენ დავით კეზერაშვილს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ამ შიდა პარტიული გადატრიალების უკან დგას. ეს არის ოლიგარქიის ცუდი გავლენა, რომელზეც სწორედ ევროკომისია საუბრობდა.

საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რაც შეიძლება ვუსურვოთ, – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მინიმუმ, საკუთარ პარტიაში მაინც შეძლოს ოლიგარქიული გავლენების რამენაირად შესუსტება, თუმცა, როგორც ვხედავთ, პირიქით, მიდის და, როგორც ჩანს, ეს საქმე უფრო გაძლიერებისკენ წავა.

ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის და იმისთვის, რომ დაიბრუნონ აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ, როცა ისინი არ იყვნენ ანგარიშვალდებულნი ქართველი ხალხის წინაშე და საკუთარი ყოველდღიური განწყობის მიხედვით წყვეტდნენ ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებს.

ჩვენ ვნახეთ, ამ კორუფციული სქემებით როგორ გამდიდრდა და გახდა ოლიგარქი დღეს ოპოზიციაში მყოფი ზოგიერთი პირი, რაც ჩვენი სასამართლოს მესამე ინსტანციამაც დაადასტურა, როცა დაადასტურა 5 მილიონი ევროს მოპარვის საკითხი ქართველი ჯარისგან და როგორ გამდიდრდა ერთი ადამიანი ქართულ ჯარზე 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე, – რომ ფურცელზე ჩაატარა წვრთნა, რომელიც, რეალურად, არსად ჩატარებულა და არც ერთ ქართველ ჯარისკაცს ეს წვრთნა არ გაუვლია და ჩვენი ბიუჯეტიდან ისე დაიხარჯა 5 მილიონი რომელიღაც კომპანიის სასარგებლოდ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება