“მინდა, განსაკუთრებით, ოპოზიციას მივმართო: კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტს განვიხილავთ. იმისათვის, რომ პროექტი ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, 3/4-იანი უმრავლესობა – 113 ხმა სჭირდება. მივმართავ ოპოზიციას, პარლამენტის სხდომაზე შესაბამისად იყვნენ წარმოდგენილი, რათა შესაბამისი უმრავლესობის მოპოვება შევძლოთ. ვთხოვ ყველას, რომ ვიყოთ დარბაზში და ეს ცვლილება მივიღოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.

კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, 18 ოქტომბერს კი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

პროექტი უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიციირებული და ზედმიწევნით იმეორებს გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის თაობაზე 2021 წლის 29 ივნისს ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტს.

პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ამ ინიციატივის წარმოდგენა საქართველოს მიერ ევროკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ერთ-ერთი პირობის შესრულებას ემსახურება.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალვე ეყრება კენჭი.     

გაზიარება