„როცა ასეთ ადამიანთან, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, ასეთ სალონურ ურთიერთობაში ხდება შეხვედრები, გასაგებია, ხომ, რა შეიძლება იყოს საუბრის თემა? ეს, თავისთავად, უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, – რა ხდება იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს. სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები, დეფინიციიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი ყოფილ მაღალჩინოსნის – კურტ ვოლკერის შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არავის ეპარება ეჭვი იმაში, თუ რა როლი აქვს დავით კეზერაშვილს ქართულ პოლიტიკაში და ქართულმა საზოგადოებამ იცის მისი წარსული, რომელიც ქართული არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან არის დაკავშირებული.

„იცის მისი აწმყო, – ეს არის პირდაპირ ჩარევა პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში ფულით. ოპოზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ აღიარებენ, რომ დავით კეზერაშვილის ფული არის არასამთავრობო სექტორში, მედიაში, პოლიტიკასა და პარტიებში და ამ ფულით მანიპულირებს ის მედიასაც, არასამთავრობო სექტორსაც და პარტიებსაც. ვხედავთ, ჩვენ თვალწინ რა მოსდის „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ ფულის წყალობით. ეს ის ფულია, რომელიც წაართვეს ქართულ ჯარს, ქართველ ხალხს, ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფურცელზე ჩატარებულ ტრენინგზე, რომელშიც არც ერთ ჯარისკაცს არ მიუღია მონაწილეობა, მარტო ის ერთი ეპიზოდი, რაც ვიცით და რაც დამტკიცებულია, 5 მილიონი ევრო წაართვეს ქართველ ჯარისკაცებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება