„მსგავსი ანალიზი ჩვენც გვაქვს გაკეთებული, გაანალიზებული და შეფასებული, თუ რას გამოიწვევდა სანქციებთან შესაძლო მიერთება. საკმაოდ რეალურია ის ციფრები, რომლებიც არის ნახსენები. შეიძლება, ეს ძალიან ბევრს უნდოდა. შარშან ჩვენ გვქონდა 10%-იანი ზრდა. ამის მაგივრად, წარმოიდგინეთ, რომ გვქონოდა 10%-იანი ვარდნა. ეს საზოგადოებაშიც სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევდა და ესეც შეიძლება გამხდარიყო საქართველოში ვითარების არევის ერთ-ერთი საბაბი”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას.
მისივე თქმით, შეიძლებოდა, სანქციების დაწესებას ვიღაცისთვის ორმაგი ეფექტი ჰქონოდა.
“თქვენ გახსოვთ, თავდაპირველად ოპოზიცია ორკესტრირებულად ითხოვდა სანქციების დაწესებას და მერე თვითონვე გაემიჯნნენ ამ მოთხოვნას, როდესაც დაინახეს, რომ საზოგადოების განწყობას მთლიანად იყვნენ აცდენილი.
მათ ჰქონდათ ორ რამეზე გათვლა: ერთი – ის, რომ ესკალაცია უნდა მომხდარიყო, და მეორე – უნდა დამძიმებულიყო საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა იმისათვის, რომ გაადვილებულიყო ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ მათ ვერ მივცემდით და, აქედან გამომდინარე, ალტერნატივა არ ჰქონდა ჩვენს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ არ დაგვეწესებინა სანქციები“, – განაცხადა კობახიძემ.
“შარშან გვქონდა 10%-იანი ზრდა. წარმოიდგინეთ, რომ გვქონოდა 10%-იანი ვარდნა, ეს საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევდა და შეიძლება, საქართველოში ვითარების არევის ერთ-ერთი საბაბი გამხდარიყო” – ირაკლი კობახიძე
