„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის – მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც თითქოს ქვეყნის საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში, ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში საბოტაჟს უწყობენ. მისივე თქმით, ევროპარლამენტის ანგარიში გააუფასურდა ლობისტების მიერ ჩამატებული ჩანაწერების გამო, რადგან ანგარიშს მხარი არ დაუჭირა თავად დოკუმენტის ავტორმა.

„ამ დოკუმენტს აქვს ორი მიმართულება: ერთი – წარმოიდგინეთ, მე როგორც კანონმდებელს რომ გამომქონდეს რომელიმე კანონპროექტი ან რეზოლუცია და შემდეგ ისეთი ჩასწორებები უზრუნველყონ ლობისტებმა, რომ მე თავად არ დავუჭირო მხარი, რამდენად გაუფასურდა მთლიანად რეზოლუცია. რეზოლუციის გაუფასურება ლობისტების მიერ ჩამატებული, უკაცრავად, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო, არის მავნებლობა საქართველოს მიმართ. საქართველოს ფსევდომოყვარული ადამიანები, რომლებიც თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში კი, საბოტაჟს უწყობენ ამ ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი. ვფიქრობ, გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება იყოს ბოლო სკანდალი; შეიძლება, ამის საფუძველი იყოს კორუფცია და სხვა.

მეორე მიმართულება – თავად იმ ადამიანებმა, რომლებიც გვევლინებიან „ნაცმოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის ლობისტებად და დავალების მიმცემებად, ვერ გაბედეს დათქმის გარეშე ამ შესწორების შეტანა. გახსოვთ, ალბათ, დათქმა – იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან კავშირი დადასტურდება, მოკლედ რომ ვთქვათ საერთო აზრი. თავადაც კარგად იციან, რომ ვერასდროს დადასტურდება ასეთი კავშირი. ის კი არა, იმ ადამიანის პოლიტიკასთან კავშირი ვერ დასტურდება, რადგან წარმოუდგენელია იმის დამამტკიცებელი დოკუმენტების ან საბუთების მოძიება, რაც ბუნებაში არ არსებობს. ანუ, დათქმა იმის შესახებ, თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება რუსეთთან კავშირი, ამ შემთხვევაში სანქციები დაუწესდეს, არანაირ რისკს არ შეიცავს. დათქმა იყო, რადგან ვერ გაბედეს ამ დათქმის გარეშე ცვლილების და შესწორების შეტანა. ეს დათქმა შეუძლებელია, როდესმე აღსრულდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება.

ნებისმიერ პარლამენტში, როდესაც რაღაც ჯგუფს გამოაქვს საკითხი, თუ ამის უკან რაიმე საეჭვო გარემოებას დაინახავ, ეს არ ნიშნავს, რომ მხარდამჭერები ამაში არიან გარეული. ეს წარმოუდგენელია. ასეთი თეორიული დაშვებაც კი არ შეიძლება. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეს თემის არცოდნას ნიშნავს. როდესაც არიან კონკრეტული ინიციატორები, თუ დაადანაშაულებ რამეში – არალეგიტიმურ საქმიანობაში ან ქმედებაში კონკრეტული შესწორების მიმართ, მაშინ მხოლოდ იმათზეა საუბარი, ვინც ლობირებს ამ თემას. ერთადერთი ახსნა, რაც შეიძლება ჰქონდეს ასეთი ჩასწორების ასეთ დაჟინებულ მოთხოვნას და შეტანას – ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ამას ადასტურებს – არის ის, რომ, კლასიკური თუ პოლიტიკური გაგებით, კორუფციასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასეთი დაჟინებით ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სპეცოპერაციას.

კიდევ ერთხელ განვმარტავ: აქ შეიძლება, საქმე გვქონდეს კორუფციასთან – როგორც კლასიკური, ისე პოლიტიკური გაგებით კორუფციასთან – იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასე დაჟინებით, ჯიუტად, მტკიცებულებების გარეშე ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ამას აკავშირებენ ბიძინა ივანიშვილთან, მის შესაძლო სანქცირებასთან. სახელებსა და გვარებზე მე დღეს არ ვილაპარაკებ, რადგან შეიძლება, გამომრჩეს კიდეც ვიღაც და შეიძლება, ზედმეტი წამოგვცდეს. როდესაც ადამიანმა თავადაც კარგად იცის, რომ “ფეიკზე”, ტყუილზე, სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს რაღაცის უზრუნველყოფას და ამით მტრობს ქართულ სახელმწიფოს, ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს კორუფცია, მათ შორის – პოლიტიკური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება