“ვფიქრობ, რომ შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოშიმშილე დეპუტატების მონახულების შემდეგ.
მისი თქმით, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს – საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არის მიუღებელი.
„რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იშიმშილონ. მნიშვნელოვანია, რომ ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ, იყოს სიმშვიდე პარლამენტში. პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე.
პირიქით, ასეთი საქციელი, საბოლოო ჯამში, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: 15 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა გამოაცხადეს. მათ დღეს თემურ ჯანაშიაც შეუერთდა.

გაზიარება