„მე, პირადად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გუნდის სხვა ლიდერებს არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული იმაზე, რომ ეს კანონი მოიცავდა სხვადასხვა წყაროდან მიღებულ შემოსავლებს, მათ შორის, განსაკუთრებით, რუსეთიდან. მაგალითებიც გვქონდა დასახელებული, როგორიც არის „პრიმაკოვის ფონდი“ და სხვა ორგანიზაციები. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი ამოიღოთ არქივიდან. ამაზე მუდმივად ვაკეთებდით აქცენტს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფინანსების კონტროლი, რომელიც შეიძლება რუსეთიდან ორგანიზაციებში შევიდეს.
„ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით, თუმცა, სამწუხაროდ, აქცენტი გადადიოდა ხოლმე სხვა მიმართულებით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ როგორც „პრიმაკოვის ფონდზე“, ისე „სირცხვილიაზე“ – ერთიც და მეორეც არის გარკვეული რისკების შემცველი ჩვენი ქვეყნისათვის. „სირცხვილიას“ რისკები გუშინაც გამოჩნდა, როდესაც მათი ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ აორგანიზებდა ისეთ სცენარს, რომელიც სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის. ამიტომ ჩვენ თანაბრად გვაინტერესებს, ვინ აფინანსებს როგორც „სირცხვილიას“, ისე „პრიმაკოვის ფონდს“, – აცხადებს კობახიძე.