სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლესა და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის თანამშრომელი.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2023 წლის 3 იანვარს დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი გ.შ., რომელსაც 2023 წლის 2 იანვარს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ასევე სტუმრად მყოფ რ.ტ.-თან, რის შემდეგაც მან დაზარალებულს მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

საქართველოს პროკურატურამ გ. შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორივე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.

გაზიარება