ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ში არჩევნები კონკურენტუნარიანია, მაგრამ პოლარიზებული და ის მიმდინარეობს არჩევნების მიმართ ნდობის შელახვის მცდელობით.

 „ვაშინგტონი, 2022 წლის 9 ნოემბერი – 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ორგანიზებული, იყო ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობა, მაგრამ ასევე ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას და მცდელობას, შეელახათ ამომრჩეველთა ნდობა საარჩევნო პროცესისადმი მისი სამართლიანობის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენების გზით.

კანდიდატებს ჰქონდათ წინა საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება, მაგრამ ბევრი წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული და დამძიმებული მკაცრი რიტორიკით, ხოლო ხშირ შემთხვევაში საარჩევნო ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ  შექმნა არაკონკურენტული საარჩევნო ოლქები“, – ნათქვამია ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ამერიკაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენდა ეკონომიკა, ინფლაცია და აბორტზე უფლებები. ორივე ძირითადი პარტიის პოლიტიკური კამპანია გამოირჩეოდა მწვავე უთანხმოებით და პროვოკაციულ რიტორიკას ზოგიერთი კანდიდატისა და ცნობილი კომენტატორის მხრიდან თან ახლდა რასისტული და ტრანსფობიური გამონათქვამები.

საკვანძო წინასაარჩევნო მარათონში რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა  კანდიდატმა, მათ შორის, ვისაც სახელმწიფო მდივნად არჩევის შემთხვევაში თავიანთ შტატებში მომავალ არჩევნებზე მეთვალყურეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა, გააპროტესტა ან უარი განაცხადა 2020 წლის შედეგების ლეგიტიმურობის აღიარებაზე.

„მწვავედ მიმდინარე საარჩევნო კამპანიისა და პროფესიონალურად მართულ პროცესში ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიული არჩევნებისადმი. სამწუხაროდ, ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ გრძელდება გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებებით გამოწვეული სერიოზული შედეგები, როგორიცაა საარჩევნო მუშაკების შევიწროება და მუქარა. ხმათა რეალური თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით უნდა გადიჭრას  გარკვეული სისტემური პრობლემები, როგორიცაა წინასაარჩევნო მაქინაციები,  რომლებიც პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ თავიანთი ამომრჩევლები, და არა პირიქით, და ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე“, – განაცხადა ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიანი დამკვირვებლების ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელტმა.

საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ზოგადად საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჟღავნების მექანიზმები სრულყოფილია, მაგრამ მარეგულირებელ სისტემაში არსებული ხარვეზები პოლიტიკაზე ფულის ზემოქმედების გამჭვირვალობას ამცირებს.

2020 წლის მოსახლეობის აღწერის შემდეგ  წარმომადგენელთა პალატაში 435 ადგილი ხელახლა გადანაწილდა შტატებს შორის, ხოლო საარჩევნო ოლქები შეიცვალა. საარჩევნო ოლქების გადანაწილება უაღრესად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს: შტატის საკანონმდებლო ორგანოები პასუხისმგებელნი არიან 33 შტატში, ხოლო საგარეო კომისიები – დანარჩენ 11-ში. სულ 78 იურიდიული საჩივარი იყო წარდგენილი კონგრესის ოლქის რუკების წინააღმდეგ ხშირად პარტიული ან რასობრივი მაქინაციების ბრალდებით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიცვალა ოლქის რუკები 8 შტატში.  რუკების შემუშავებისას კომპეტენტური ორგანოები იყენებენ ალგორითმებს, რომლებიც ზოგჯერ ითვალისწინებდნენ პოლიტიკურად ხელსაყრელ ცვლადებს, მათ შორის წარსულში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და რასობრივი დემოგრაფიის მონაცემებს ოლქის დონეზე. ამ ეტაპზე გადანაწილება სრულად არ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობას, წარმომადგენლობას და უმცირესობების სამართლიან წარმომადგენლობას.

“ძლიერი და მდგრადი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიმართ თავისი ერთგულების დემონსტრირება არჩევნებში მონაწილეობის უფლებების  გაზრდის, არჩევნების უსაფრთხოების გაძლიერებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გამოყენების გზით.

აშშ-ის წინაშე არსებული დემოკრატიული გამოწვევები მსგავსია ეუთო-ს ბევრ  ქვეყანაში არსებული გამოწვევების და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესების მიმართ მოქალაქეების ნდობა“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერე ჯოან პონსმა.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ შევიწროების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევების შესახებ შეშფოთების მოტივით კონგრესმა გამოყო თანხები არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის საარჩევნო ოფიციალური პირების მიმართ მუქარის წინააღმდეგ ზომების მისაღებად. შეიქმნა იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ფედერალურ დონეზე მათი მოგვარება.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვან, მაგრამ პოლარიზებულ მედია სივრცეში ბევრი მედია საშუალება ცდილობდა ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, სხვა საშუალებების მიერ ფართოდ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გავლენა იქონია ამომრჩევლების მიერ ინფორმაციის სწორად აღქმაზე.

„არსებული აქტიური, პლურალისტური მედია გარემო თავისთავად წარმოადგენს  კონკურენტული არჩევნების წინაპირობას. მაგრამ, როდესაც პროცესების გაშუქებისა და კომენტარების კონტენტი და ხასიათი დამამცირებელი და ხშირად შეურაცხმყოფელია პროცესში ჩართული პირების მიმართ – პოლიტიკური ოპონენტების, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობის და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავად ამომრჩევლის მიმართ – ეს ქმნის გარემოს, რომელმაც, როგორც დავინახეთ, შეიძლება გამოიწვიოს მუქარა და დაშინება და ძალადობაც კი და, ამავე დროს, ხელი არ შეუწყოს მოქალაქეების მიერ ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღებას“, – აღნიშნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეზღუდული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტანა დე ზულუეტამ.

დამკვირვებელთა განცხადებით, ხმის მიცემის ალტერნატიული მეთოდები მოიცავს ადრეულ პირად და დაუსწრებელ ხმის მიცემას, რაც ამომრჩეველს ხმის მიცემის ბევრ ვარიანტს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ დაუსწრებელი ხმის მიცემა არ იძლევა კენჭისყრის ფარულობის გარანტიას, ამ მეთოდების მოხერხებულობა აღინიშნა ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ. ისინი მიიჩნევენ,  რომ ეს მეთოდები ზრდის საარჩევნო პროცესში მონაწილეობას; უმეტესობა დარწმუნებულია მათ სამართლიანობაში. პოლიტიკოსებისა და მედიის კომენტატორების მიერ გავრცელებულმა დაუდასტურებელმა მტკიცებულებებმა – რომ დაუსწრებელი ხმის მიცემისას ბიულეტენების და საარჩევნო ყუთების გამოყენებამ გამოიწვია 2020 წლის არჩევნების გაყალბება – უარყოფითად იმოქმედა მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ფაქტორზე.

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, როგორც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების, პარტიებისა და „დამოუკიდებელი“ კომიტეტების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების გამჟღავნება უზრუნველყოფს საკმარის გამჭვირვალობას, საარჩევნო კამპანიაში ჩართული გადასახადებისგან გათავისუფლებული ორგანიზაციების მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნების ნაკლებობა ეჭვის ქვეშ აყენებს საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობას. აღინიშნა, რომ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის მოთხოვნები, რომლებსაც იყენებენ 35 შტატში, შეესაბამება არჩევნების სტანდარტებს და იძლევა არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტიებს,  მაგრამ პირადობის მოწმობები ზოგიერთ შტატში ყველა უფლებამოსილი მოქალაქისთვის არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი, რითაც დაირღვა ზოგიერთი უმცირესობისა და ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფის წევრების მიერ თანაბარი ხმის მიცემის უფლება.

გაზიარება