სტუდენტი ნინა პერტაია ყოფილ სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართავს და კითხვებზე პასუხების გაცემისკენ მოუწოდებს.

პერტაიამ ყოფილ სახალხო დამცველს საჯაროდ მას შემდეგ მიმართა, რაც კანადელი ლიბერალების მიერ გავლენის რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა.

“კანადაში ,,რუსულ კანონს’’ იღებენ?! ჩვენს არც ერთ კითხვას პასუხი რატომ არ გაეცით?

3 დღის წინ, მეგობრებთან ერთად თსუ-ში თქვენს შეხვედრას დავესწარი. დავსვით კითხვები და ვერ მივიღეთ პასუხები. ვერც თქვენგან, როგორც ყოფილი სახალხო დამცველისგან და ვერც სხვა სპიკერებისგან. გვაინტერესებდა რატომ იყო ეს კანონპროექტი რუსული? არავინ გაგვცა ნორმალური პასუხი და პროტესტის ნიშნად დარბაზიც დავტოვეთ.

მე, ადამიანს, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ მივიღე, ვიცნობ რა- ყველა პროექტს და ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ამ კუთხით მუშაობს, მეუბნებით, რომ ეს კანონი ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლას უკრძალავს…

მაშინაც მჯეროდა და მჯერა დღესაც, რომ ამ კანონს რუსულ კანონთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს უბრალოდ ფაქტია. თქვენი მხრიდან მთელი ეს კამპანია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ორმაგი სტანდარტი და მეტი არაფერი.

მე, როგორც ახალგაზრდა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, მეთქვა ჩემი თანატოლებისთვის, რომ ამ კანონით არც ადამიანის უფლებებს, არც უცხოეთში განათლებას, არც მნიშვნელოვან პროექტებს, არც სოფლის მეურნეობის პროგრამებს საფრთხე არ ექმნებოდა. ამ კანონის ერთადერთი მიზანი იყო გამჭირვალობა.

ხომ არ გგონიათ რომ თქვენი ინტერესებისთვის ახალგაზრდები გამოიყენეთ?

არ გამიკვირდება იგივე კამპანია ახლა კანადაში ჩაატაროთ ან ტრუდოსთან შეხვედრის შანსი თუ მოგეცემათ, გამარჯობა არ უთხრათ. ეს ნახევრად ხუმრობით.

იმედი მაქვს ახლა მაინც გასცემთ ჩვენს კითხვებს ამომწურავ პასუხებს”, – მიმართავს ნინა პერტაია ნინო ლომჯარიას.

გაზიარება