„სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა 2004-ში დააპატიმრა. სულხანი სასჯელს მე- 7 საპყრობილის სარდაფში იხდიდა, რომელიც შსს-ს შენობაში იყო განთავსებული. მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს სულხანი ციხის საავადმყოფოში“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, საკანი, რომელშიც სულხან მოლაშვილი იჯდა, სიგრძეში 3 ნაბიჯიც არ იყო.

„საკანში არ არსებობდა ელექტროგაყვანილობა, არ ჰქონდა პატარა სარკმელიც კი, სინათლის სხივს რომ შეეღწია, იწვა რკინის ნარზე, რომელსაც მიშას ჯალათები ღამით ჩამოუწევდნენ და დილით აკეცავდნენ კედელზე. არ ჰქონდა რკინის სკამიც კი, რომ ჩამომჯდარიყო.

არ ჰქონდა ლეიბი და თეთრეული. “ბალანდის” საჭმელად ჰქონდა რკინის ჯამი (“მისკა”), მაგრამ არ ჰქონდა კოვზი ან ჩანგალი…

ჩემთან შეხვედრის შემდეგ მათიას იორში (ევროპარლამენტარი, იმ დროს საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომხსენებელი), ჩემი დაჟინებული თხოვნით, მივიდა სულხანის მოსანახულებლად. კარები რომ გაუღეს, გარედან შესული სინათლის ეფექტზე სულხანი მუხლებში ჩაიკეცა და დაეცაო, – მოჰყვა იორშმა.

იქიდან გამოსულ იორშს ელენე თევდორაძისთვის უკითხავს: აი, იქ რომ ჩამოხვალთ, სტრასბურგში, ამაზე რა პასუხი გაქვთო? (ეს თვითონ ელენემ მომიყვა. ის ახლდა მათიას იორშს ციხეში).

ვინმეს თუ გაგიგიათ დასავლეთიდან ხმა იმ სტრუქტურისა, რომელსაც იორში წარმოადგენდა? – მე არ გამიგია. სულხანი გამოვიდა ციხიდან გამეათედებული, გამხდარი და უმძიმესი ავადმყოფი, რომელიც, მკურნალობის მიუხედავად, მალევე გარდაიცვალა.

ვინმეს თუ გაგიგიათ ციხიდან სულხანის წუწუნი – ავად ვარო? მე არ გამიგია… ეს – ისე, შედარებისთვის.
ნათელი მის ხსოვნას“, – აღნიშნავს კაკაბაძე.

გაზიარება