„თავდაცვის კოდექსი აერთიანებს 9 კანონს და 5 კანონქვემდებარე დოკუმენტს. კოდექსის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ის, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილება“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მისივე თქმით, დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული აშშ-ის ევროპის სარდლობის სპეციალური იურისტთა ჯგუფი.

„შემუშავებული დოკუმენტი თავსებადია NATO-ს სამართლებრივ მექანიზმებთან. დაიხვეწა თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლები, ამაღლდება თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობა. განისაზღვრება თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი, პრინციპები და დოკუმენტები. კოდექსი ხელს შეუწყობს სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის დახვეწას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საბინაო პოლიტიკის მოწესრიგებას. პროექტის შესაბამისად, ახლებურად განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის დასახიჩრების ან დაღუპვისათვის დაწესებული საკონპენსაციო თანხის ოდენობა. კოდექსი მნიშველოვნად უწყობს ხელს წვევამდელთა სამხედრო სამსახურის სისტემის მოწესრიგებას. ამოღებულია ხმარებიდან სიტყვა – სავალდებულო, რაც ხაზს უსვამს კოდექსის სულისკვეთებას. შემუშავებული პროექტით მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დარჩება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური.

ინოვაციურია სამხედრო სამსახურის გავლის ახალი მოდელი, რომელიც გულისხმობს 6-8-11- თვიან სამსახურს. უნიკალური შანსი მიეცემათ სტუდენტებს, რომ, აკადემიურ ხარისხთან ერთად, მიიღონ სამხედრო წოდება – რიგითი სერჟანტი ან ლეიტენანტი. წვევამდელთა სამსახური ბმაში იქნება რეზერვის სისტემასთან, შედეგად კი, 10 წლის პერსპექტივაში, საქართველოს ეყოლება 100 000-მდე ბრძოლისუნარიანი და მომზადებული რეზერვისტი. კოდექსით განისაზღვრება მოხალისეთა სტატუსი და მათი მოვალეობა. საქართველოს მასშტაბით შეიქმნება რეკრუტირების ცენტრები. თავდაცვის სამინისტრო სრულად აიღებს პასუხისმგებლობას რეკრუტირებასა და მობილიზაციაზე. ასევე განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის დანიშვნის წესი და უფლებამოსილება“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

გაზიარება