საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ენჯეოებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილობით სთხოვეს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს.

საზოგადოებისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ „ელიტური“ ენჯეოები საელჩოს რესურსია. ამ ენჯეოებს ფულს საელჩო უხდის და შესაბამისად, მუსიკასაც ის უკვეთავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებენ ნიადაგს.

როგორც ჩანს, ისინი გარკვეულ ფორმალობებს იცავენ და სალომე ზურაბიშვილისთვისაც სახის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნებას ცდილობენ”, აღნიშნულია განცხადებაში.

“უნდათ საქმე ისე გააფორმონ, რომ ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უარი ვერ უთხრა და გვარამია ამიტომ შეიწყალა”, – აცხადებს “ხალხის ძალა”.

“თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. სწორედ ევროპული სტრუქტურების მეშვეობით შექმნეს მათ ივნისში მღელვარება, რაც, მათივე გათვლით, ხელისუფლების ცვლილებით უნდა დასრულებულიყო, ასევე, ევროპელებს წამოაწევინეს როგორც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების, ისე გვარამიას შეწყალების თემა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება