„ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან – ფინანსთა სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები და ავტობაზა შევისყიდოთ საბიუჯეტო სახსრებით, არ ავიღოთ ამისთვის სესხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ოფიციალურად მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მოვითხოვეთ ამ სასესხო ხელშეკრულებიდან ავტობუსებისა და ავტობაზის მშენებლობის კომპონენტების ამოღება და პროექტის განხორციელება საბიუჯეტო დაფინანსებით”, – განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
“აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით – თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას და ამ ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ცხადია, ეს ავტობუსები ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე. ამდენად, კონკრეტულ ქუჩებზე ყველაფერს ისე მოვაწესრიგებთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ“, – განაცხადა კალაძემ.