ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა.
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.
გამზირზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, მოეწყო მოსაცდელები, ველობილიკი, უსაფრთხოების კუნძულები და ქვეითთა გადასასვლელები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.