“თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით – ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – “ITB Berlin 2023-ის” საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დღეს ქვეყანა ძალიან ახლოსაა ცივილიზაციურ არჩევანთან.
“დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს; ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით – ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ვიცე კანცლერს, ქალაქის მერს, ორგანიზატორებს ჩვენი აქ მოწვევისათვის, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უპრეცედენტო დინამიკა აქვს, რისი ნათელი დადასტურებაცაა დღეს ჩვენი მასპინძლობა ამ ღონისძიებაზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.