„თქვენი კოლეგები კონკრეტულად თქვენი ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან მოუწოდებდნენ თვითდაზიანებისკენ. უნდა იშიმშილოსო, – ადამიანს რომ მოუწოდებ, თვითდაზიანებისკენ მოწოდება არის თუ არა? თქვენი აზრით, პროტესტის გამოხატვისკენ მოწოდებაა მხოლოდ შიმშილობისკენ მოწოდება და თვითდაზიანების კომპონენტს საერთოდ არ შეიცავს?“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ კითხვაზე პასუხად.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა არის ყველაზე, ვინც 1%-იანი, მცირე წვლილიც კი შეიძლება შეიტანოს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მოუწოდოს არასწორად, ევალება ზრუნვა და არ იზრუნოს და ა.შ.
„თქვენი შეფასებით, ეს იყო პროტესტის გაგრძელებისკენ მოწოდება. ჩემი შეფასებით, ეს რომ იყო შეფუთული როგორც პროტესტის გაგრძელებისკენ მოწოდება, ამავე დროს, იყო თვითდაზიანებისკენ მოწოდება, იმიტომ, რომ შიმშილობა ადამიანს აზიანებს. მარტივი ამბავია. ანუ ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მიუთითებდით მიხეილ სააკაშვილს, დაეზიანებინა თავი, ასე გაეგრძელებინა პროტესტი. დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის.
პასუხისმგებლობა არის აბსოლუტურად ყველაზე, პირველი – იმ ადამიანებზეც არის პასუხისმგებლობა, ვინც თვითდაზიანებისკენ მოუწოდებენ ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს. პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელიც ბუნებრივად, კანონით, სამართლებრივად, ყველანაირად, მათ შორის მორალურად თუნდაც პასუხისმგებელია პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.