„თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობისა და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. გარდა ამისა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს. ამ დროს მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით“, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი ვაშაძე, რომელიც ბევრს ხმაურობს, სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა და მუშაობის პროცესში არ მონაწილეობდა.

პრემიერმა დაასახელა ის დეპუტატები, რომლებმაც მას კითხვით მიმართეს.

„პაატა მანჯგალაძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა. თეონა აქუბარდია რამდენიმე სხდომას ესწრებოდა, მაგრამ სამუშაო ჯგუფის წევრი არ იყო. ხათუნა სამნიძე რამდენიმე სხდომას ესწრებოდა. ბატონი ნაკაიძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა, მაგრამ სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვებში იყო ჩართული. თამარ კორძაია სამუშაო ჯგუფის სხდომებს ესწრებოდა და როსტომ ჩხეიძე არ ესწრებოდა. ნატო ჩხეიძე ესწრებოდა კომიტეტში არსებულ სამუშაო ჯგუფს. ეს არის ნამდვილი ფარისევლობა. კითხვის მთავარი ავტორი – ბატონი ვაშაძე არ არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაძლიოს მთავარი გამოწვევა, როგორიც არის პოლარიზაცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება