„ევროპა თუ გვინდა, ამისთვის უნდა ვიშრომოთ და რეალური ნაბიჯები გადავდგათ, რათა ეს მიზანი ხელშესახები გახდეს“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, გამოსვლებიდან ყველა დარწმუნდა, რომ დღევანდელი შეკითხვების ძირითადი ლაიტმოტივი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა.
„დღეს რას ვხედავთ – მმართველი უმრავლესობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს რეალობა იქცეს ხელშესახებ შედეგად და საქართველოს, ქართველ ხალხს ის სანუკვარი მიზანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში და ბოლო უახლოესი ისტორიის განმავლობაში არის ჩვენი ქვეყნის სურვილი და მისწრაფება – გახდეს ევროკავშირის წევრი, რეალობად იქცეს. თუმცა, „ხალხის ძალის“ სახელით, მინდა, გავაკეთო განცხადება, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ევროპა, რომელიც დაფუძნებული იქნება ისეთ დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ემსახურება საქართველოსა და ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, იმ ტრადიციული კულტურის დაცვას, რომელზეც დგას ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.
სწორედ ეს არის ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ უნდა ავაშენოთ და სწორედ ეს არის ის ევროპა, რომელიც თავის დროზე ჩაიფიქრეს და შექმნეს ჩერჩილმა, მონემ, ადენაუერმა. სწორედ ეს არის ის ევროპა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობს. ასე რომ, ნებისმიერი ასეთი გამოსვლა, სპეკულაციური და მანიპულაციური დათქმები და ქმედებები, რომლებიც ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გვესმის, არის ქართველ ხალხის ამ მიზნისკენ სვლაში ხელის შეშლა და სპეკულაცია, რომელიც უპასუხისმგებლოა და არანაირად არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს. ვფიქრობ, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია და გაწევრიანება, მხოლოდ ცარიელი განცხადებები საკმარისი არ არის; საკმარისი არ არის მხოლოდ მკერდზე მუშტის რტყმა, როგორც აქ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს და მხოლოდ იმის განცხადება, რომ ევროპა გვინდა.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევასრულოთ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ დაგვისახა, რათა შევასრულოთ ეს დათქმები, პირობები და მოგვანიჭონ სტატუსი. თუმცა, გარკვეულწილად, მივიჩნევთ, რომ ასეთი დათქმები, თავის დროზე, ძალიან უსამართლო იყო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოლდოვას მიანიჭეს უპირობოდ ეს სტატუსი, ხოლო საქართველოს, ძალიან უსამართლოდ, უარი ეთქვა ამ სტატუსზე. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ევროპა, საბოლოო ჯამში, მაინც სამართლიანად მოიქცევა და მხარს დაუჭერს საქართველოსადმი ევროკავშირში გასაწევრიანებელი სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა სეფაშვილმა.